ე.წ. კომენდანტის საათის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები დაუმორჩილებლობის მარშს მართავენ. მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტები, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და კომენდანტის საათს აპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს შეზღუდვები ადამიანებზე ზრუნვას არ ემსახურება. ისინი ითხოვენ, რომ ქვეყანა ყველა რეგულაციის დაცვით გაიხსნას.
"როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას, და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს, ადამიანების დაუმორჩილებლობის დრო დგება!", - ამბობენ ორგანიზატორები.
აღსანიშნავია, რომ მარშის მონაწილეები რეგულაციების დაცვით მოქმედებენ, კერძოდ, კი პირბადეს იყენებენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
მსვლელობაში პოლიტიკოსები, რესტორატორები, აქტივისტები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ჯერჯერობით უცნობია, სად მიემართებიან აქტივისტები.